„დინამო თბილისის“ მწვრთნელი - „მორნართან“ ბურთი უნდა გავაკონტროლოთ #1TVSPORT
მონტენეგროს „მორნართან“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრამდე „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფერდინანდ ფელდჰოფერმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„შესაძლოა, წლევანდელი ევროთასების ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ვართ. რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით „მორნართან“ პირველ მატჩშიც და საქართველოს სუპერთასზეც. მთავარია, ვიპოვოთ ბალანსი ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეებს შორის. წინა შეხვედრაში იყო მომენტი, როცა ახალგაზრდული შემადგენლობიდან გამომდინარე, გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა.
წინა თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი მზად არ იყო, საპასუხო თამაშს კი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვხვდებით. ოქრიაშვილი ახლა გაცილებით უკეთ გამოიყურება და განაცხადში იქნება, მაგრამ ითამაშებს თუ არა, ამას ჯერ ვერ გეტყვით, იმედია, ფორმას ბოლომდე აღიდგენს.
შემიძლია ვთქვა, რომ პენალტების სერიისთვისაც კარგად მოვემზადეთ. წინა თამაშის შემდეგ გუნდი უფრო გაიზარდა და არა მარტო 90, არამედ 120 წუთი შეგვიძლია ვითამაშოთ. მეტოქე კარგად შევისწავლეთ, „მორნარი“ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი გუნდია და სწრაფი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ ბურთი გავაკონტროლოთ და დაცვასა და შეტევაში ბალანსი ვიპოვოთ.
ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ისეთი ტრადიციული გუნდის მწვრთნელი, როგორიც „დინამო თბილისია“. გუნდში მოსვლამდე შემადგენლობა კარგად შევისწავლე და დავრწმუნდი, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. შესანიშნავია „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია. მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთლებს შორის, ამიტომ გამოცდილი მოთამაშეების დამატებაზე ვმუშაობთ.
საქართველოსთან პირველი შეხება ოთხი წლის წინ მქონდა – „ვოლფსბერგერში“ ლუკა ლოჩოშვილის მიყვანა ჩემი ინიციატივა იყო. სამწუხაროდ, მასთან მუშაობა დიდხანს არ მომიწია. დარწმუნებული ვარ, ლუკაც და საქართველოს ნაკრებიც კიდევ მოუმატებენ“, – განაცხადა „დინამოს“ მწვრთნელმა.