„დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მესამე ნახევარფინალისტია – 1:0.
თასის 1/4-ფინალური ეტაპის დაპირისპირება ორივე გუნდისთვის იყო შანსი, მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა გაეგრძელებინა. თამაში ბათუმელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ თბილისელებმა მოუმატეს და კარგი მომენტებიც შექმნეს.
ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა. სტანდარტის გათამაშების შემდეგ საბა კვირკველიამ მეკარესთან პირისპირ დათო გოცირიძე დატოვა და რამაზ შენგელიას შვილიშვილმა „დინამო თბილისი“ წინ გაიყვანა.
ნახევარფინალში „სპაერი“ და ფოთის „კოლხეთიც“ ითამაშებენ. მეოთხე ნახევარფინალისტი კი 22 ოქტომბერს „დინამო თბილისი 2“-ის და „გაგრის“ დაპირისპირებაში გაირკვევა.