„დინამო თბილისი“ ლატვიის ჩემპიონს შეხვდება - მატჩი რიგაში დაიგეგმა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ უახლოეს დღეებში საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნის ჩემპიონს, რიგის რფს-ს დაუპირისპირდება.
მატჩი რიგაში, 10 ივნისს „დაუგავას“ სტადიონზე თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში გუნდი კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის „გენტთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (0:1, 2:2).
რიგის რფს-ი (ყოფილი „დაუგავა 90“, რიგის საფეხბურთო სკოლა) არის ლატვიური საფეხბურთო კლუბი, რომელიც 2005 წლის 19 მაისს დაარსდა. გუნდი სამი წელი მიდიოდა ჩემპიონობისკენ – მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (2018) შემდეგ ორჯერ ზედიზედ ვერცხლის მედალი (2019, 2020), ხოლო 2021 წელს ლატვიის ჩემპიონობა იზეიმა. ამავე დროს, არის ლატვიის თასის ორგზის გამარჯვებული (2019, 2021), ასევე ლატვიის ლიგის თასის გამარჯვებული (2017, 2018).
ამ გუნდში საკმაოდ ბევრ ქართველს უთამაშია – ბექა ვაჩიბერაძეს, ნიკა სანდოხაძეს, გუგა ფალავანდიშვილს, ირაკლი სიხარულიძეს და ლაშა შერგელაშვილს. ასევე უთამაშია ნიკა პილიევს.