„დინამო თბილისი“ ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა (ვიდეო)

უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში „დინამო თბილისი“ რექსემში, „რეისქურს გრაუნდზე“ უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსის“ ესტუმრა.

მატჩამდე უელსური კლუბი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან „ნომედსის“ სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, ხოლო კიდევ ერთს სიმპტომები აღენიშნებოდა. ამის შემდეგ ინფიცირებული მოთამაშეები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამას გარდა, წინასასეზონო მზადებისას ტრავმები მიიღეს ჯორჯ ჰორანმა და აერონ ედვარდსმა. შედეგად, საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ განაცხადში მხოლოდ 14 მოთამაშე ჰყავდათ.

პირველ ტაიმში „დინამო თბილისმა“ რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, გიორგი ქიმაძემ ბურთი ძელს მოარტყა. კარგი მომენტი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმაც შექმნეს და თბილისელები მეკარე როინ კვასხვაძემ გადაარჩინა.

მეორე ტაიმში მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა – მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გიორგი გაბედავამ გაიტანა და საბოლოოდ, შეხვედრა თბილისელთა მოგებით 0:1 დასრულდა და „დინამო“ ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა. ამდენად, ორივე ქართული გუნდი შემდეგ ეტაპზეა.