„დინამო თბილისი“ დასაჯეს - გულშემატკივრების სკამების დაზიანებას უარყოფენ
„დინამო თბილისი“ დასაჯეს - გულშემატკივრების სკამების დაზიანებას უარყოფენ

23 თებერვალს, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ სუპერთასის შეხვედრაში „დინამო თბილისი“ „საბურთალოს“ შეხვედრა და 0:1 დამარცხდა. ამ მატჩის გამო „დინამოს“ გულშემატკივრები ფეხბურთის ფედერაციამ 4500 ლარით დასაჯა. ეს ინფორმაცია ახლა გახდა ცნობილი, რაც „დინამო თბილისი – გულშემატკივრები“-ს ფეისბუქის გვერდმა გაავრცელა.

გუნდის გულშემატკივრები სფფ-ს ამ გადაწყვეტილებას სამართლიანად არ თვლიან და აცხადებენ, რომ „მიხეილ მესხი 2“-ზე ინდივიდუალური სკამები არ დაუზიანებიათ.

„მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ ასეთ მძიმე დროსაც კი არ ვავიწყდებით ფანები და მზრუნველობის მიზნით გვაჯარიმებს 4500 ლარით. როგორც იცით, 23 თებერვალს ჩატარდა სუპერთასის მატჩი, „დინამო თბილისი“ – „საბურთალო“. რატომღაც ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ სუპერთასი ჩატარებულიყო მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე. „დინამოს“ ფან-გაერთიანება „ელიტა“ სტადიონზე მცირე პრობლემებს წააწყდა – მათთვის ცალკე სექტორი არ იყო გამოყოფილი (მსგავსი ფაქტი სხვა ბევრ გასვლით თამაშზეც მომხდარა). ფანებს მოუწიათ უცხო ხალხთან ერთად დადგომა. თავად ფანები ცდილობდნენ აეხსნათ ხალხისთვის, რომ მაქსიმალურად შორს დამსხდარიყვნენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ, რადგან ფან-სექტორზე ჩვეულებრივი ამბავია პირო ტექნიკის გამოყენება და ზოგადად ხმაურია (ბარაბანი, შეძახილები ა.შ). მათი მცდელობის მიუხედავად, სექტორი გაივსო უცხო ადამიანებით. იმიტომ, რომ ფიზიკურად სტადიონზე ხალხი ვერ ეტეოდა. „დინამო თბილისი“ ამ მატჩზე იუნკერების პატივისცემის ნიშნად, შავი მაისურებით თამაშობდა. მაისურებზე გმირი იუნკერების სახელები და გვარები იყო დატანილი. იგივე კონტექსტში დინამოს ფანებმაც გაშალეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დროშა, წარწერა „დიდება იუნკერებს“ და გაუშვეს შავი ბოლი. ბოლის გაშვების დროს სექტორზე ატყდა ჩოჩქოლი. ბოლს რომ გარიდებოდნენ, ჩვენთვის უცხო ადამიანები ცდილობდნენ სხვა მხარეს გადასვლას, რის შემდეგაც დაიმტვრა რამოდენიმე სკამი“ – წერია „დინამო თბილისი • გულშემატკივრები“-ს წერილში.

მათი თქმით, კარგად იციან, რომ სტადიონზე პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, ფედერაციის მხრიდან კლუბი ჯარიმდება: „ესეც დიდი სისულელეა. პიროტექნიკის გამოყენება თუ დანაშაულია და დასჯადია, რატომ დევს ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე ქართველი ფანების ფოტოები, სადაც ისინი იყენებენ პიროტექნიკას? ეს ჯარიმა გავიგეთ, ავანთეთ, ვისროლეთ და ასე შემდეგ. მაგრამ რა შუაშია სკამების მტვრევასთან „დინამო“? ანუ რა გამოდის, იმ სექტორზე სადაც რაოდენობით 3-ჯერ მეტი უცხო ადამიანი იდგა, ვიდრე „ელიტა“, ყველა „დანაშაული“ ფანებს უნდა დაბრალდეს?? კეთილი ინებეთ და ჯერ ფანებისთვის სექტორის გამოყოფა ისწავლეთ. დინამოს ფანებს ბევრ გასვლაზე ჰქონდათ იმავე თემაზე პრობლემა. ბათუმში, გორში, მარტვილში. გორში საკმაოდ დიდი დაპირისპირება მოხდა იმის გამო, რომ ფანების სექტორი ადგილობრივებისგან სათანადოდ გამოყოფილი არ იყო“.

გულშემატკივრების აზრით, ფედერაციამ კლუბის დასაჯარიმებლად ცუდი დრო შეარჩია: „ჩემპიონატი შეჩერებულია, ვარჯიშებიც კი არ ტარდება, მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის. ადამიანები ისე, როგორც არასდროს ერთმანეთს უდგანან გვერდში. ამ დროს კი ფედერაცია 23 თებერვალს გამართულ მატჩზე პირო ტექნიკის გამოყენების და სკამების მტვრევის გამო, „დინამოს“ 4500 ლარით აჯარიმებს. ეს რა მარაზმია? საიდან მოგაფიქრდათ ან თუ მოგაფიქრდათ ესეთი „კარგი დრო“ როგორ შეგვირჩიეთ? „ელიტა“ შეძლებისდაგვარად სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს ატარებს. ფანების ყველა ასეთ წამოწყებას კლუბი გვერდში უდგას. ამ პერიოდშიც „დინამოს“ ფანები ემზადებიან მოხალისეების ჯგუფის შესაქმნელად, რათა საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მოხუცებს და ისეთ ოჯახებს, რომლებიც თავად ვერ მოახერხებენ საკვებისა და სხვადასხვა აუცილებელი ნივთების შეძენას. რა თქმა უნდა, ამ აქტივობაშიც საჭიროა კლუბის ჩართულობა. ამ დროს კი „ვიღაცას“ მოაფიქრდა, რომ 23 თებერვალს სტადიონზე სკამები დაიმტვრა, „დინამოს“ ფანებიც იქ იდგნენ და ხომ არ დავაჯარიმოთ 4500 ლარით?“.