„დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ და ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგაზე საპასუხო თამაშები ჩაატარეს და ტურნირს ორივე დაემშვიდობა. თუმცა, ქუთაისელებმა გასვლაზე ღირსეული თამაში და მოგება მაინც მოახერხეს, „დინამო“ კი საკუთარ მოედანზეც დამარცხდა მალტის „ჰამრუნ სპარტანსთან“.
დინამო-ჰამრუნი 0:1 (პირველი მატჩი 1:2)
გოლი: 0:1 დურანოვიჩი (45+2).
„დინამო თბილისი“: ლორია – მაისურაძე (46. მალი), ხვადაგიანი, კალანდაძე, კობოური (57. ლაკვეხელიანი) – მექვაბიშვლი, ოსეი (57. მოისწრაფიშვილი) – ხარაიშვილი, იმრანი (57. სხირტლაძე), კამარა (74. ოდიშარია) – მარუშიჩი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
„ჰამრუნი“: მარკეტი – ს. ბორგი (90+9 ბლიკი), ემერსონი, ბელიჩიჩი, ჯ. მბონგი (76. კორბალანი) – ელიონაი (57. კრსტიჩი), პრშა, ედერი (57. ნენოვი), კომანზული – პანცილი (76. ჯონი), დურანოვიჩი
მწვრთნელი: ანდრეი კარპოვიჩი
გაძევება: დურანოვიჩი (55)
„დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ მალტაში წაგების (1:2) შემდეგ „დინამო არენაზე“ რევანშის სურვილით გავიდა. პირველ ტაიმში გუნდი მთელი ძალებით უტევდა, მაგრამ მალტელები თბილისელთა ზეწოლას უმკლავდებოდნენ, 45+2-ე წუთზე კი ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას ანგარიში გახსნეს.
თბილისელთა მცველის შეცდომის შემდეგ ბურთი სეტ პაინცილმა ჩაჭრა და კარის წინ უროს ჯურანოვიჩი მონახა, რომელმაც მალტელებს ტაიმი მოაგებინა – 1:0.
55-ე წუთზე არბიტრმა სტუმართაგან გოლის ავტორი ჯურანოვიჩი გააძევა და „დინამოს“ თამაშის გადარჩენის კარგი შანსი მიეცა. თბილისელები კაცნაკლულ სტუმრებს მთელი ძალებით უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.
საბოლოოდ, მალტელებმა მოიგეს, „დინამომ“ კიდევ ერთ სუსტ გუნდს დაუწერა ისტორია და გამოჩნდა, რომ სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს.
„აქტობე“-„ტორპედო“ 1:2 (პირველი მატჩი 4:1)
გოლი: 1:0 სამოროდოვი (31). 1:1 არაბიძე (58). 1:2 ბუღრიძე (66).
„აქტობე“: პოკატილოვი – კასიმი, იაშინი, შომკო – ჩინა (60. ფილიპოვიჩი), სტრუმლა, რაიჩკოვიჩი (74. გნაიე), ტანჟარიკოვი (61. კიბირაი) – სამორადოვი (79. უმაევი), ელდერ სანტანა, ბაიტანა (60. ნიანგბო)
მწვრთნელი: ანდრეი კარპოვიჩი
„ტორპედო“: კლიაიჩი – მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია – ჭიჭინაძე (46. მანჯგალაძე), გიგაური, აკბარი, შერგელაშვილი (46. ჰაიდარი) – არაბიძე – ბუღრიძე, ფანცულაია (46. კეიკე დავიდი).
მწვრთნელი: სტივ კინი
გაძევება: სანდოხაძე (77)
ქუთაისის „ტორპედოს“ საშინაო მატჩის დიდი ანგარიშით წაგების (1:4) შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლის მცირე შანსი ჰქონდა, ამის მიუხედავად ქუთაისელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. ბურთსაც ფლობდნენ, მაგრამ მწვავე მომენტებს მასპინძლები ქმნიდნენ და 31-ე წუთზე სამოროდოვმა ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში „ტორპედოს“ გუნდურად ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ თამაში საკუთარ თავზე გიორგი არაბიძემ აიღო და 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ქუთაისელთა შემტევის დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და ასხლეტის შემდეგ პოკატილოვის კარში აღმოჩნდა – 1:1.
66-ე წუთზე ისევ არაბიძემ გაიბრწყინა – მისი წამოწყებული შეტევა ჰაიდარმა გააგრძელა და ბურთი ირაკლი ბუღრიძეს გადააწოდა, რომელმაც ქუთაისელები დააწინაურა 2:1.
78-ე წუთზე კი „ტორპედო“ კაცნაკლული დარჩა – ნიკა სანდოხაძემ ბურთის მოგერიებისას მეტოქეს ფეხში მიარტყა და არბიტრმა ქართველ მცველს მეორე ყვითელი და ავტომატურად წითელი ბარათი აჩვენა.
საბოლოოდ, ქუთაისელებმა მოიგეს, მაგრამ ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამგვარად, სამიდან ორი გუნდი ევროთასებს მეორე ეტაპზე დაემშვიდობა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია.