„დინამო თბილისი“ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე „ბუდუჩნოსტს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პირველ ეტაპზე მონტენეგროს ჩემპიონ „ბუდუჩნოსტთან“ მოახლოებულ მატჩზე, მოლოდინებსა და გულშემატკივრის როლზე „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი გაგუამ ისაუბრა.
„გუნდი მატჩისთვის მზადაა, ამ დღეს, დიდი ხანია, ველოდებით. ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, გავიდნენ მოედანზე და ის ფეხბურთი აჩვენონ, რაც „დინამო თბილისს“ შეეფერება. ჩვენი მიზანი ტურნირზე ღირსეულად ასპარეზობაა.
მეტოქის თამაშები ვნახეთ, გავაანალიზეთ და ვიცით, რომ „ბუდუჩნოსტი“ ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. მაგრამ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ბარიერის გადალახვა და მიზნის მიღწევა შეუძლიათ.
გულშემატკივარი გუნდისთვის მეთორმეტე მოთამაშეა. მათ რა ძალა აქვთ, ეს ჩვენი ქვეყნის ნაკრების თამაშებზე ვნახეთ. კარგი იქნება, თუ ამ ახალგაზრდა ბიჭებს ჩვენი გულშემატკივარი გვერდში დაუდგება. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, თუ გულშემატკივარი მოვა, თამაშის შემდეგ ნასიამოვნები წავა“, – ამბობს ვალერი გაგუა.
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისისა“ და „ბუდუჩნოსტის“ 19-წლამდელთა გუნდების შეხვედრა თბილისში 18 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.