„დინამო“ შესანიშნავ ფორმაშია - თბილისური დერბი უხვგოლიანი გამოდგა (ვიდეო)
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისურ დერბიში „ლოკომოტივმა“ „დინამოს“ უმასპინძლა და წაუგებელი სერია მძიმე მარცხით შეწყვიტა.
მატჩის გმირი „დინამოს“ 20 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა გახდა, რომელმაც მე-3 წუთზე ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა. 37-ე წუთზე ლევან კუტალიამ მისი გადაცემით „ლოკომოტივს“ მეორე გაუტანა, ნოდარ ქავთარაძემ (41-ე წუთზე) მასპინძელთა კარი მესამედ აიღო, ხოლო იმავე ნინუამ 43-ე წუთზე დუბლი ძალიან ეფექტური საჯარიმო დარტყმით შეასრულა. შედეგად, „დინამომ“ ტაიმი ანგარიშით 0:4 მოიგო.
71-ე წუთზე, „ლოკომოტივის“ კარი მეხუთედ აკაკი შულაიამ აიღო – 0:5, ხოლო 77-ე წუთზე მასპინძლებს კვამე კარიკარიმაც გაუტანა, საგოლე გადაცემა კი ისევ ნიკა ნინუას ანგარიშზეა, რომელმაც 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
საბოლოოდ, „დინამომ“ გასვლაზე გამანადგურებელი ანგარიშით, 0:6 მოიგო.