„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტი - ბირთვის შესანარჩუნებლად და შემადგენლობის გასაძლიერებლად უკვე ვმუშაობთ #1TVSPORT
„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტი - ბირთვის შესანარჩუნებლად და შემადგენლობის გასაძლიერებლად უკვე ვმუშაობთ #1TVSPORT

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გულშემატკივრებისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც 2023 წლის საფეხბურთო სეზონი შეაფასა.

„რთული და ამავდროულად საინტერესო წელი გვქონდა. პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ყველა მხარდამჭერს და სპონსორს; ადამიანებს, რომლებიც გასული სეზონის მანძილზე რთულ მომენტებშიც მხარში გვედგნენ და წარმატებასაც ჩვენთან ერთად იზიარებდნენ.

ბათუმის „დინამოს“ თავისი 100-წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს, ეს შედეგი ჩვენმა ერთიანობამ და თავდაუზოგავმა შრომამ მოიტანა. წარმატებაში განუზომელი წვლილი აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და მის მეთაურს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, ისევე როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გუნდის მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს და პერსონალს. ფეხბურთში მთავარი, რა თქმა უნდა, შედეგია. ბოლო სამ სეზონში მეორედ გავხდით ქვეყნის ჩემპიონები და შეუძლებელია, ამ შედეგით არ ვამაყობდეთ. აქვე, მსურს, ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ბატონი გია გეგუჩაძის მიმართ, რომელმაც ექვსი წლის მანილზე უდიდესი სამუშაო გასწია და ჩვენი კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

გარკვეულ ეტაპზე ყველა საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი ცვლილებებისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დრო. სწორედ ეს არის ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრების დაკვეთა და სამომავლოდ ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევა. გუნდის ძირითადი ბირთვის შესანარჩუნებლად და შემადგენლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოთამაშეების შენარჩუნება მხოლოდ ჩვენს სურვილზე დამოკიდებული არ იქნება.

ვემზადებით ახალი სეზონისთვის, ახალი იმედებით და უცვლელი მიზნით – გავიდეთ ევროპული საფეხბურთო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. გელოდებით ყველას 2024 წელს „ბათუმი არენაზე“, სადაც ისევ გვექნება თქვენი მხურვალე მხარდაჭერისა და სამაგალითო გულშემატკივრობის იმედი“, – წერია არჩილ ბერიძის მიმართვაში.