ბათუმში, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურისა და წლის მთავარი შეხვედრა მიმდინარეობს. „დინამო ბათუმი“ „დინამო თბილისს“ მასპინძლობს.
მატჩის დაწყებამდე, საზეიმო ვითარებაში აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ კლუბი უკვე ოფიციალურად მართვაში შპს „ლამინი ჯგუფს“ გადასცა.
ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და „ლამინი ჯგუფის“ მფლობელი არჩილ ბერიძე.
მანამდე კი სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს სიტყვით ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, „ლამინი ჯგუფის“ მფლობელმა, არჩილ ბერიძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართეს.
„სრულიად საქართველო ამაყობს თქვენით, თქვენ ქართულ ფეხბურთში სულ სხვა რეალობა შექმენით და ამისთვის მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. რაც აქ, ბათუმში ხდება ბოლო წლებში, ბოლო თვეებში, ეს ატმოსფერო დამერწმუნეთ, სხვა ქალაქებისთვისაც გადამდებია. ასევე, მადლობა აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას, კლუბს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა – ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო, ეს არის სწორედ ის, რისთვისაც ვიბრძვით და ვშრომობთ“,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
„ლამინი ჯგუფის“ მფლობელმა, არჩილ ბერიძემ აჭარის მთავრობასა და ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ქომაგებს, ეს გუნდი კერძო არასდროს იქნება. „დინამო ბათუმი“ თქვენი, მისი გულშემატკივრების იქნება“,- აღნიშნა ბერიძემ.
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, „დინამო ბათუმი“ ქალაქის განუყოფელი ნაწილია.
„ამ სავსე ტრიბუნებისთვის მადლობას გიხდით. დღეს ბათუმის დინამოს ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. გუნდმა ამ მემორანდუმით ახალი მიზნებისკენ და მწვერვალებისკენ უნდა დაიწყოს სვლა“,- განაცხადა ბათუმის მერმა.