„დინამო ბათუმი“ - კატეგორიულად ვაცხადებთ, ჩვენი ფეხბურთელების მონაწილეობა 19 მაისს თამაშის „შეთანხმებული ანგარიშით“ გარიგებით დასრულებაზე გამორიცხულია
კატეგორიულად ვაცხადებთ, ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა მონაწილეობა 19 მაისის „შეთანხმებული ანგარიშით“ გარიგებით დასრულებაზე გამორიცხულია, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე: საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ კატეგორიულად აცხადებს, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა მონაწილეობა 19 მაისის, თუ სხვა რომელიმე თამაშის, „შეთანხმებული ანგარიშით“ გარიგებით დასრულებაზე გამორიცხულია. აღნიშნულს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ: 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს, რაც ცალსახად გამორიცხავს „დინამო ბათუმის“ რომელიმე წარმომადგენლის რაიმე სახით მონაწილეობას გარიგებაში.
აღნიშნულს ადასტურებს ასევე ის, რომ არავითარი კითხვის ნიშნები არ დასმულა გამომძიებელთა მხრიდან ჩვენი კლუბის არცერთი წარმომადგენლის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად ვთხოვთ მედიის წარმომადგენლებს, სწორად დასვან აქცენტები ამ საკითხის გაშუქების დროს და მეტი სიფრთხილით მოეკიდონ „დინამო ბათუმის“ სახელის ხსენებას ამ კონკრეტულად ფაქტთან მიმართებაში, რადგან ჩრდილი არ მიადგეს ჩვენი კლუბის რეპუტაციას, არ შეილახოს კლუბის სახელი და არ გაჩნდეს კითხვები ჩვენს გულშემატკივრებსა და ქართულ საზოგადოებაში.
საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ დიადი სპორტული იდეალების ირგვლივ შეკრული ერთიანი გუნდია, რომელიც სრულიად იზიარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სულისკვეთებას გარიგებულ მატჩებთან მიმართებაში და იცავს ღირსეული თამაშის პრინციპებს“, – აღნიშნულია „დინამო ბათუმის“ განცხადებაში.