„დინამო“ ასე არ უნდა გამოვიყურებოდეთ - ჭიაბრიშვილმა „პაიდესთან“ წაგება საკუთარ თავზე აიღო და მოიბოდიშა #1TVSPORT
„დინამო“ ასე არ უნდა გამოვიყურებოდეთ - ჭიაბრიშვილმა „პაიდესთან“ წაგება საკუთარ თავზე აიღო და მოიბოდიშა #1TVSPORT

ესტონურ „პაიდესთან“ (2:3) წაგების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და გამოსვლა ბოდიშის მოხდით დაიწყო. „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ ესტონეთში გუნდი ღირსების მატჩს ჩაატარებს.

„მე მგონია, რომ ამ თამაშის გამო თქვენს წინაშეც და გულშემატკივრის წინაშეც ბოდიშის მოხდა იქნებოდა სწორი საქციელი. მგონია, რომ განმეორებითი მატჩი ყველა ჩვენგანისთვის ღირსების თამაში უნდა იყოს და ის, რაც დღეს დავკარგეთ, შესაძლებელია ესტონეთში დავიბრუნოთ.

ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ვხედავ, განვიცდი. ჩვენ ასე არ უნდა გამოვიყურებოდეთ, ასე არ უნდა ვთმობდეთ თამაშს. მაგრამ ვეცდებით, რომ ვითარება ესტონეთში გამოვასწოროთ.

მეტოქემ გვაჯობა ხასიათით. უფრო სწორედ ჩვენ დავთმეთ და ეს ჩვენი პრობლემაა და არა – სხვისი. თამაშით, სიძლიერით, გუნდით ვჯობდით, მაგრამ მთავარი ისაა, რაც ბოლოს, 90 წუთის შემდეგ ხდება და ეს დავთმეთ – ესაა ხასიათი, სხვა არაფერი.

შემდეგ თამაშზე ძალიან ძნელია პროგნოზი გავაკეთო. შევხედავ, რა პრობლემებია მოსაგვარებელი. სანამ აქ მოვიდოდი, დაცვაში მეც ვხედავდი პრობლემებს და დიდი ხანია, ამის გამოსწორებაზე კლუბი ფიქრობს. მაგრამ არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ჩადგომა.

ახლა საქმე არ ეხება არც მწვრთნელს, არც დაცვას და არც თავდამსხმელს, ახლა იყო არაფერი და ამისთვის კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ესტონეთში იქნება ღირსების მატჩი და ამ დაცვითაც, ამ ნახევარდაცვითაც და ამ თავდასხმითაც შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

განმეორებითი მატჩი უნდა იყოს სხვა ხასიათის თამაში, ალბათ ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ბოლოს თამაშს. ჩემი აზრით, აქ ყველაზე მეტი გამოსასწორებელი ფსიქოლოგიაა – სხვა არაფერი“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.