დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროცედურები დაახლოებით ერთ საათში დასრულდება
დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროცედურები დაახლოებით ერთ საათში დასრულდება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სასამართლო სხდომაზე დააფიქსირეს პოზიცია, რომ ნიკა მელიას მისამართით აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა გამოეყენებინათ.

მისივე განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

„სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არ უნდა გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე. ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზებული, ნიკა მელია დაპატიმრებული იქნა და იდევნებოდა ხელისუფლების მხრიდან და ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მოვისმინეთ ამისი დამადასტურებელი აღიარებითი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან და ახლა ხელისუფლებას მოუწია გადაწყვეტილების მიღება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პროცედურულად ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. გადაიგზავნება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში და ბიუროკრატიული პროცედურებიდან გამომდინარე, ალბათ ნახევარ საათში, ერთ საათში დასრულდება“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მელიას კიდევ ერთმა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა. მისი თქმით, სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რისი მოლოდინიც ჰქონდათ.

„რა მოლოდინიც მქონდა, ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. წუთითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ სასამართლო შეცვლიდა. ამ საქმეში ყველაფერი ხდება პოლიტიკური თვალსაზრისით. პოლიტიკური დაკვეთიდან გამომდინარე, ნიკა როგორც დაიჭირეს პოლიტიკურად, ისევე პოლიტიკურად გაუშვეს “, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.