დიმიტრი ქუმსიშვილი - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას
დიმიტრი ქუმსიშვილი - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილთან“ დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობით დამტკიცდა.

„პირველ რიგში, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვხატო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიმართ, რომელიც არის აბსოლუტურად ქმედითი და დროული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ერთხმად  დაამტკიცა.

დეპუტატებმა დოკუმენტს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, თუმცა კენჭისყრამდე, საკითხზე პოლიტიკური დებატები გაიმართა.

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“  2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.