დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთის მთავრობა ღონისძიებების ჩატარებაში დაგვეხმარება
დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთის მთავრობა ღონისძიებების ჩატარებაში დაგვეხმარება

ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაში დაეხმარება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან ბეიჯინგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რათა რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ქვეყნისთვის არის აუცილებელი.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე ავიდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო სამ წელიწადში რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმია გაფორმებული. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ამ მემორანდუმის იმპლემენტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.