დიმიტრი ქუმსიშვილი- მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ტურიზმია
დიმიტრი ქუმსიშვილი- მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ტურიზმია

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ტურიზმია.

„საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31,3 პროცენტით გაიზარდა და 236,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ტურიზმის წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3,3 პროცენტული პუნქტი შეადგინა”, – განაცხადა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინზე.

მინისტრის თქმით, გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც და 110,1 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ქუმსიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციურ ზრდას ხელს შეუწყობს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და ინოვაციების წახალისების მიმართულებით.

საქსტატის ცნობით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მარტში 5.6 პროცენტი შეადგინა, იანვარ-მარტის საშუალო მაჩვენებელი კი 5.2 პროცენტია.