დიმიტრი პესკოვი - უკრაინის ახალ პრეზიდენტზე რუსეთი მხოლოდ კონკრეტული საქმეების მიხედვით იმსჯელებს
დიმიტრი პესკოვი - უკრაინის ახალ პრეზიდენტზე რუსეთი მხოლოდ კონკრეტული საქმეების მიხედვით იმსჯელებს

რუსეთი უკრაინის ახალ პრეზიდენტზე მხოლოდ კონკრეტული საქმეების საფუძველზე იმსჯელებს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრესმდივნის თქმით, ვლადიმერ პუტინის მხრიდან ზელენსკისთვის მილოცვაზე, ასევე მათი ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობაზე საუბარი ნაადრევია.

„უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტული საქმეების, კონკრეტული ნაბიჯების საფუძველზე“, – აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუცხადებია. თუმცა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთი პატივს სცემს უკრაინის მოქალაქეების მიერ გაკეთებულ არჩევანს, თუმცა პროცესის ლეგიტიმურობა კითხვებს ბადებს.

„მოსკოვში პატივის სცემენ უკრაინელი ხალხის არჩევანს, მითუმეტეს, რომ ეს არჩევანი საკმაოდ აშკარაა. ამასთან, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როდესაც რუსეთში მცხოვრებ უკრაინის სამ მილიონ მოქალაქეს არ ჰქონდა ხმის მიცემის შესაძლებლობა“, – განაცხადა დიმიტრი პეკსკოვმა.