დიმიტრი პესკოვი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნამდვილი ომის სახით გრძელდება, რადგან კიევი დახმარებას იღებს ბერლინიდან, პარიზიდან, ჰააგიდან, ოსლოდან და ვაშინგტონიდან

17:16, 05.07.2026

სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნამდვილი ომის სახით გრძელდება, რადგან კიევი დახმარებას ბერლინიდან, პარიზიდან, ჰააგიდან, ოსლოდან და ვაშინგტონიდან იღებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, ამ პირობებში მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ კიევის რეჟიმი ყველაფრისთვის მზადაა.

„მიმდინარეობს ომი, ეს ნამდვილი ომია. იცით, რატომ არის ეს ომი? ეს ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციის სახით დაიწყო და ომივით გრძელდება, რადგან კიევის უკან დგას ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონი. მათ ჩვენს დაბომბვაში თანამგზავრების მეშვეობით ეხმარებიან. მთელი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ეხმარებიან ჩვენს სამიზნეებზე უცხოური იარაღის გამოყენების დროს“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთზე შესაძლო თავდასხმის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„რუსეთის ფედერაციის შესახებ უამრავი საშინელებათა ისტორია იბეჭდება“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა, სავარაუდოდ, პოლონეთის ხელისუფლება გააფრთხილა რუსეთის მიერ ნატო-ს „მტკიცე გადაწყვეტილების“ შესამოწმებლად „შეიარაღებული პროვოკაციის“ გეგმების შესახებ.

მსგავსი