დიმიტრი პესკოვი - რუსულ წყალქვეშა აპარატზე მეზღვაურების გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოებაა
დიმიტრი პესკოვი - რუსულ წყალქვეშა აპარატზე მეზღვაურების გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოებაა

ბარენცის ზღვაში რუსულ წყალქვეშა აპარატზე მეზღვაურების გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოებაა და არ გასაჯაროვდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პეკსოვს ჟურნალისტებმა მომხდარის დეტალების შესახებ ჰკითხს. კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ სრულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფლობს.

„უმაღლესი მთავარსარდალი ფლობს მთელ ინფორმაციას, თუმცა ეს მთელი ინფორმაცია ვერ გასაჯაროვდება, ის განეკუთვნება აბსოლუტურად საიდუმლო მონაცემების კატეგორიას. ამიტომ, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ის არ საჯაროვდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ბარენცის ზღვაში წყალქვეშა აპარატზე 14 მეზღვაურის გარდაცვალების შესახებ ცნობილი ორ ივლისს გახდა, თუმცა ინციდენტი პირველ ივლისს მოხდა. პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეიტყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღრმაწყლოვან აპარატზე ხანძრის შედეგად 14 მეზღვაური გარდაიცვალა. ხანძარი ბიომეტრიული კვლევებს შესრულების დროს მოხდა. ცეცხლი ეკიპაჟის წევრებმა ჩააქრეს.

თავდაცვის სამინისტროს აპარატის შესახებ დამატებით მონაცემები არ გაუსაჯაროებია. უწყება მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ეს იყო რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამეცნიერო-კვლევითი აპარატი, რომელიც ბარენცის ზღვაში, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გეგმურ კვლევებს ატარებდა.

​ამასთან, როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, 14 ადამიანის გარდაცვალება მეტყველებს, რომ ეს იყო საკმაოდ დიდი აპარატი. ამასთან, სხვადასხვა რუსული გამოცემისა და სოციალურ ქსელებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანილია 5-დან 10-მდე ადამიანი.