დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და სომხეთს შორის სირთულეები გაივლის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია
რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში სირთულეები გაივლის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აბსოლუტურად ორმხრივად მომგებიანია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უახლოეს მეზობლებს შეიძლება ჰქონდეთ პერიოდი, როდესაც ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს, მაგრამ პოლიტიკური ნებაა საჭირო, ჩვენი მხრიდან ეს არის. კონსტრუქტივიზმი და შორსმჭვრეტელობა, ორი ქვეყნის ლიდერების პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა – ჩვენს მხარეს ასევე არის. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველა ეს სირთულე გაივლის. რუსეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა აბსოლუტურად ორმხრივად მომგებიანია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი და ერევანი იცხოვრებენ მშვიდობასა და ჰარმონიაში, რადგან რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების ისტორია გახდება საფუძველი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის.