დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და აშშ-ს ჯერ არ დაუწყიათ ბუდაპეშტში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მზადება
რუსეთსა და აშშ-ს ჯერ არ დაუწყიათ ბუდაპეშტში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მზადება. როგორც კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, ჯერჯერობით სრული მასშტაბით არ დაწყებულა სამიტისთვის მზადება.
„რა თქმა უნდა, ყველა ასრულებს იმ მითითებებს, რომლებიც პრეზიდენტებმა გასცეს, თუმცა ასეთი ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება, გუნდური სამუშაო მაღალ დონეზე შეხვედრისთვის შესაბამისი პირობების მოსამზადებლად ჯერ არ დაწყებულა. ის ახლა დაიწყება“, – განაცხადა პესკოვმა.
როგორც ცნობილია, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრის გამართვაზე სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ. დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ბუდაპეშტის სამიტის შემდეგ შესაძლებელი გახდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. სამიტამდე, ასევე, უნდა გაიმართოს საკონსულტაციო შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, თუმცა ამ ეტაპზე ამ შეხვედრის გამართვის თარიღიც უცნობია.