დიმიტრი პესკოვი – რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმის მომზადების ზუსტი ვადები დადგენილი არ არის, მხარეები გაცვლიან პროექტებს და შეიმუშავებენ საერთო ტექსტს

10:12, 20.05.2025

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირდაპირი კონტაქტის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„რა თქმა უნდა, პირდაპირი კონტაქტის თემა და რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი კონტაქტების გაგრძელების საკითხი განხილული იყო“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის თქმით, რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმის მომზადების ზუსტი ვადები დადგენილი არ არის. მისივე თქმით, მხარეები გაცვლიან პროექტებს და შეიმუშავებენ საერთო ტექსტს.

„ვადები არ არის და ვერც იქნება. გასაგებია, რომ ყველას სურს ამის გაკეთება მაქსიმალურად სწრაფად, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი დეტალებია. შემუშავდება პროექტები როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მხრიდან, მოხდება ამ დოკუმენტების პროექტების გაცვლა. და შემდეგ – რთული კონტაქტები ერთიანი ტექსტის შესამუშავებლად“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის თქმით, კიევთან ახალი კონტაქტების ადგილი ჯერჯერობით არ არის შერჩეული. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, კრემლმა იცის ვატიკანის შეთავაზების შესახებ, უმასპინძლოს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

„რომის პაპის ამ ინიციატივის შესახებ ყველამ იცის. მართლაც, იყო განცხადება ვატიკანიდან. ბუნებრივია, რუსეთის მხარე მადლიერია ყველასი, ვინც მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს, მაგრამ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები შესაძლო კონტაქტების, მომავალი კონტაქტების გაგრძელების ადგილის შესახებ ჯერ არ მიღებულა“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მსგავსი