დიმიტრი პესკოვი – რუსეთის სახელმწიფოს არსებობას საფრთხე თუ დაემუქრება, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ, სხვა შემთხვევაში – არა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე თავად რუსეთის სახელმწიფოს არსებობას დაემუქრება და ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია.
პესკოვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ხელისუფლებაში ომის დასრულების დაპირებით მოვიდა და ამის შესაძლებლობა ახლაც აქვს.
„ზელენსკი ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ომს დაასრულებდა. ეს მისი მთავარი დაპირება იყო. მას ახლაც შეუძლია ომის დასრულება, თუ ძალიან პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი განმარტებით, ამისთვის უკრაინულმა ძალებმა დონბასი უნდა დატოვონ და უკრაინამ „იურიდიულად აღიაროს არსებული რეალობა“.
„ასეთ შემთხვევაში, ომი მეორე დღესვე დასრულდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ახლახან „გაათავისუფლეს“ კონსტანტინოვკა და ახლა მიზნად ისახავენ კიდევ ორი მნიშვნელოვანი ქალაქის, კრამატორსკისა და სლავიანსკის დაკავებას.
მისივე თქმით, ამ ქალაქების დაკავების შემდეგ, „მთლიანი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორია გათავისუფლდება“.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები და აშშ უკრაინას არა მხოლოდ იარაღითა და საბრძოლო მასალებით, არამედ სადაზვერვო მონაცემებითა და სამხედრო კონსულტაციებითაც ეხმარებიან.
მისი თქმით, ამის გამო კონფლიქტი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ აღარ არის.
„ეს პირდაპირი მონაწილეობა თუ არ არის, მაშინ რა არის? ამის გამო კონფლიქტი აღარ არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია: ერთ მხარეს არის რუსეთი, მეორე მხარეს – კიევის რეჟიმი და რიგი ევროპული ქვეყნები. ამას დამატებული შეერთებული შტატები, რომელიც უკრაინას მილიონობით ტონა იარაღს აწვდის. რა არის ეს? ეს აღარ არის ოპერაცია, ეს არის ომი, ეს არის სრულმასშტაბიანი ომი“, – აღნიშნა პესკოვმა.