დიმიტრი პესკოვი - საქართველოში ავიაგადაზიდვების განახლება მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ამ ქვეყანაში სიტუაცია არარუსოფობიურ კალაპოტს დაუბრუნდება
დიმიტრი პესკოვი - საქართველოში ავიაგადაზიდვების განახლება მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ამ ქვეყანაში სიტუაცია არარუსოფობიურ კალაპოტს დაუბრუნდება

რუსეთიდან საქართველოში ავიაგადაზიდვების განახლება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში სიტუაცია არარუსოფობიურ კალაპოტს დაუბრუნდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ იქ არ არის დაფიქსირებული მკაფიო ვადა. საუბარია უბრალოდ საქართველოში სიტუაციის არარუსოფობიურ კალაპოტში დაბრუნებაზე. როგორც კი, ეს დაფიქსირდება, მაშინ შეიძლება გადაწყვეტილების გადახედვაზე დაფიქრება“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, კრემლი წუხს, რომ ამჟამად საქართველოში „რუსოფობიური ისტერია სუფევს“.

„ზოგადად, სამწუხაროდ, შესაძლებელია განვაცხადოთ, რომ ამჟამად საქართველოში ძალიან რუსოფობიური ისტერია სუფევს. ის ძალიან ოსტატურად არის გაღვივებული შიგნიდან რადიკალური ელემენტების მიერ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კრემლის ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის დროებითი შეზღუდვის გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო მიიღო, რადგან მათ საქართველოში შესაძლოა, საფრთხე დაემუქროთ. ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ მიღებული ზომები არა სანქციები, არამედ მხოლოდ შეზღუდვებია.

„რა თქმა უნდა, ასეთი რისკის ფონზე დაწესდა იძულებითი შეზღუდვები“, – განმარტა პეკსოვმა.

ჟურნალისტის წინადადებაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მხოლოდ ჰიპოთეტური საფრთხე ემუქრებათ, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს საფრთხე ფიზიკურია.

„რანაირად ჰიპოთეტური? თქვენ ჰკითხეთ რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს, რამდენადაა კბილებში მოხვედრა ჰიპოთეტური საფრთხე. ის სულაც არ არის ჰოპოთეტური, ის ფიზიკურია“, – განაცხადა პეკსოვმა.

„მილიონ ორასი ათასი ჩვენი მოქალაქე სტუმრობს საქართველოს წლის განმავლობაში. ფრენებზე დროებითი შეზღუდვების დაწესება არსებითად შეამცირებს ამ რაოდენობას. რომელიმე ქვეყანაში ჩასვლაზე აკრძალვა არის ჩვენი მოქალაქეებისადმი გაცემული გაფრთხილება იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც, სამწუხაროდ, ამჟამად ამ ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. ამასთან პესკოვმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების გეგმების შესახებ არაფერი იცის.