დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად

რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის ინტერვიუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, დაუსახა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა რუს დიპლომატებს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით რამე კონკრეტული ამოცანები ან ვადები.

„არ, მკაფიო ვადები არა, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების ნაბიჯებისთვის, ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებით ყველა ქვეყანასთან, ვინც ამისთვის მზად არის და სურს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გალუზინს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე ჰკითხეს, რაზეც რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ამისთვის.

„მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად არის, წავიდეს. ჩვენთვის აქ შეზღუდვები არ არის“, – თქვა გალუზინმა.

მან ასევე წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ აკავშირებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის პოზიციასთან.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა გალუზინმა.