დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ინარჩუნებს კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური საშუალებებით დარეგულირების განწყობას, საჭიროა უკრაინის მხრიდან საპასუხო ქმედება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.
„უდავოდ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დარეგულირების ძალისხმევის კონტექსტში. რა თქმა უნდა, ასე თუ ისე, ეს თემა ყოველთვის იქნება მიმდინარე კონტაქტებში დღის წესრიგში წარმოდგენილი“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რუსეთს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრა სურს.
„რუსეთი ინარჩუნებს უკრაინული კონფლიქტის უპირატესად მშვიდობიანი, პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით დარეგულირების განწყობას. საჭიროა უკრაინის მხრიდან საპასუხო ქმედება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, ალასკაზე გამართული სამიტის დროს ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი, რომლებიც უკრაინაში საკითხის დარეგულირებასთან არის დაკავშირებული.
„ნამდვილად შეეხნენ სხვადასხვა საკითხს, რომლებიც დაკავშირებულია დარეგულირებასთან იმ სამუშაოს გაგრძელებით, რომელსაც რუსული მხარე აწარმოებს, იმ სამშვიდობო ძალისხმევების გაგრძელებით, რომელსაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იღებს. ჩვენ დიდად ვაფასებთ, ასევე ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებული იქნება სამშვიდობო და შუამავლობის ძალისხმევები. მიგვაჩნია, რომ ეს ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად შეუძლია დახმარება დარეგულირებაში“, – აღნიშნა პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ შედეგის მისაღწევად აშშ-სა და რუსეთს შორის მუშაობა არასაჯარო ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს.
„მივიჩნევთ, რომ მუშაობა უნდა იწარმოებოდეს არასაჯარო ფორმატში. მხოლოდ ასეა შესაძლებელი შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა პესკოვმა.
რაც შეეხება ევროპელი შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებას, კრემლში აცხადებენ, რომ ამ კუთხით ნეგატიურად არიან განწყობილი.
„ნეგატიურად ვართ განწყობილი. ამაზე სხვადასხვა დონეზე ვისაუბრეთ. კერძოდ, არ არსებობენ ევროპელი სამხედროები – არსებობენ კონკრეტული ქვეყნების სამხედროები და ამ ქვეყნების უმეტესობა ნატო-ს წევრია“, – აღნიშნა პესკოვმა.