დიმიტრი პესკოვი – რუბიო მართალია, ჯერჯერობით დიპლომატიური გზით ომის დასრულების პერსპექტივა არ არსებობს
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომ ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულების პერსპექტივა არ არსებობს.
„რუბიო მართალია, ჯერჯერობით ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავთ. ზელენსკის განცხადებაც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არანაირი წინაპირობა ჯერ არ ჩანს, თუმცა, დიპლომატიის ხელოვნება სწორედ იმ ხვრელის პოვნაშია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მშვიდობიანი ტრაექტორიისკენ წავიდეთ“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, უახლოეს მომავალში სამმხრივი შეხვედრის გამართვის პერსპექტივა არ ჩანს.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს.
რუბიოს განცხადებაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, რუსებთან მომავალი ეკონომიკური პროექტების შეთანხმებას ნუ შეეცდება.