დიმიტრი პესკოვი – პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა მხოლოდ შეთანხმებების დასაფიქსირებლად არის შესაძლებელი
პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა მხოლოდ შეთანხმებების დასაფიქსირებლად არის შესაძლებელი, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. ამგვარად პესკოვმა უპასუხა „აქსიოსის“ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში ვიზიტის დროს პუტინის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით შეხვედრის გამართვის წინადადება წამოაყენა.
„პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის სამიტის ჩატარებას, უკვე დიდი ხანია, გვთავაზობენ. და თქვენ კარგად იცით ჩვენი სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია. ასეთი შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ შეთანხმებების დასაფიქსირებლად. შეთანხმებები კი სულაც არ არის პრიმიტიული გარიგება“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, ეს დარეგულირების ძალიან რთული პროცესია, რომელიც უამრავი დეტალისგან შედგება.
„ბუნებრივია, პრეზიდენტების შეხვედრას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განიხილონ, აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს. მათ შეუძლიათ, შეხვდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ შეთანხმებები საბოლოოდ გააფორმონ. ხოლო რეალური დარეგულირება კიევს არ სურს“, – განაცხადა პესკოვმა.