დიმიტრი პესკოვი - ნავთობის ფასი რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთის ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას
ნავთობის ფასი რუსეთის ეკონომიკისთვის, საერთო ჯამში, მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთის ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ნავთობის ფასის ვარდნამ პუტინი უფრო მეტად დააფიქრა სამშვიდობო შეთანხმებაზე.
პესკოვის თქმით, „ნავთობის საერთაშორისო ფასი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც რუსეთის ბიუჯეტის ფორმირებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ის აქტუალური და მნიშვნელოვანია“.
„რა თქმა უნდა, რუსეთი, როგორც მოგეხსენებათ, დიდი ხანია, მუშაობს OPEC+ ფორმატში, რათა შეინარჩუნოს ფასები ოპტიმალურ დონეზე. ზედმეტად მაღალი და ძალიან დაბალი ფასები უარყოფითად მოქმედებს მთლიანად გლობალურ ეკონომიკაზე. ეს სამუშაო გრძელდება, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საერთაშორისო ვითარებას, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნავთობის ფასები, არ შეიძლება, იყოს ის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს რუსეთის დამოკიდებულებაზე თავისი ეროვნული ინტერესების მიმართ. რუსეთის ეროვნული ინტერესები, პირველ ყოვლისა, ნავთობის ფასებზე მაღლა დგას“, – განაცხადა პესკოვმა.