დიმიტრი პესკოვი - კრემლთან დაახლოებულ პირებზე აშშ-ის ანგარიში რუსი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების იმიჯს აზიანებს
დიმიტრი პესკოვი - კრემლთან დაახლოებულ პირებზე აშშ-ის ანგარიში რუსი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების იმიჯს აზიანებს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ანგარიში კრემლთან დაახლოებული პირების შესახებ რუსული ფირმების, ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების იმიჯს აზიანებს.

მისივე თქმით, აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვედრილი ადამიანები დე ფაქტოდ აშშ-ის მტრებად არიან შერაცხულები.

აშშ-ის სახაზინო სამსახურმა მსხვილი რუსი ბიზნესმენები, მათ შორის ორი უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელობა, ლითონების მაგნატები და გაზის სახელმწიფო მონოპოლიის უფროსი კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების სიაში დაასახელა.

„ასეთი ვრცელი სიის გამოქვეყნება, სადაც ყველა და ყველაფერია შეყვანილი, პოტენციურად ზიანს აყენებს ჩვენი ფირმების, ბიზნესმენებისა და ლიდერების რეპუტაციას“, – აცხადებს პესკოვი.

მისივე თქმით, შემდგომ ნაბიჯებამდე და საბოლოო დასკვნების გამოტანამდე, რუსეთი აშშ-ის ამ ანგარიშს გააანალიზებს. ამასთან, პესკოვმა აშშ-ის სახაზინო სამსახურის მიერ გავრცელებულ სიას უპრეცედენტო უწოდა.