დიმიტრი პესკოვი – კრემლი პოზიტიურად აფასებს, რომ უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებების პროცესში დაიწყო თავისი წინადადებების კონკრეტული ფორმულირება

15:23, 30.03.2022

კრემლი პოზიტიურად აფასებს, რომ უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებების პროცესში დაიწყო კონკრეტული ფორმულირება და ფურცელზე გადმოტანა იმის, რასაც გვთავაზობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე ამას ვერ აღწევდნენ.

„ამ დრომდე ამას ვერ ვაღწევდით. ეს პოზიტიური ფაქტორია. ჯერ არ შეგვიძლია, მიღწევის შესახებ რაიმე დიდად დამაიმედებელი განვაცხადოთ. კიდევ ძალიან, ძალიან ხანგრძლივი სამუშაოა“, – აღნიშნავს პესკოვი.

მისი თქმით, ვერ იტყოდა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებში წინ წაიწიეს, რადგან რჩება ნიუანსები.

როგორც მედია წერს, რუსების მოწოდებებთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში რუსეთი ბოლომდე წავიდეს, პესკოვი აცხადებს:

„არავითარი სტალინგრადი კალენდარში არ გვაქვს და არც უნდა იყოს. მთავარია, არ იყოს ემოციები. მოლაპარაკებებით პროფესიონალები არიან დაკავებული, მათ უნდა ვენდოთ. რუსული მხარის პოზიცია კარგადაა ცნობილი, ის ლოგიკურია, აქვს გამჭვირვალე საფუძველი და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა ყირიმთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია და კონსტიტუციით ჩვენ არ შეგვიძლია, განვიხილოთ ვინმესთან რუსეთის ფედერაციის ბედი, რუსული რეგიონების ბედი, ეს გამორიცხულია. ეს ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი. მოლაპარაკებების რაღაც ნიუანსების განხილვასა და მოყოლას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა უკრაინის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოლაპარაკებების საკითხებზე დღეს ვლადიმირ მედინსკი ისაუბრებს.

მსგავსი