დიმიტრი პესკოვი - კიევის პოზიციის გათვალისწინებით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
დიმიტრი პესკოვი - კიევის პოზიციის გათვალისწინებით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

კიევის პოზიციის გათვალისწინებით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივა გაურკვეველი რჩება იქამდე, ვიდრე კიევი მოლაპარაკებებში ამჟამინდელ პოზიციას ინარჩუნებს.

„რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტსა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზების პერსპექტივებს, კარგი, ახლა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ზელენსკის ბოლო განცხადებების გახსენებით და დავსვათ კითხვა: აქვს თუ არა აზრი შეხვედრის ჩატარებას, თუ კიევის რეჟიმი კვლავაც ამ პოზიციას ინარჩუნებს? როგორ წარმოუდგენიათ მათ ეს?“ – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, სამი პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მხოლოდ შეთანხმების საბოლოოდ ხელმოსაწერად უნდა შეიკრიბოს.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთვის მოსკოვში ჩასვლის შეთავაზება ძალაშია. კრემლის პრესსპიკერის თქმით, თუ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან რაიმეს განხილვა სურს, შეუძლია, მოსკოვში ჩავიდეს. პესკოვის თქმით, უკრაინის კონფლიქტში ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია.