დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაზე ჯო ბაიდენის მოთხოვნა არის აგრესიული და არაკონსტრუქციული რიტორიკა
დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაზე ჯო ბაიდენის მოთხოვნა არის აგრესიული და არაკონსტრუქციული რიტორიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოთხოვნა ალექსეი ნავალნის გათავისუფლების თაობაზე აგრესიული და არაკონსტრუქციული რიტორიკაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ეს ძალიან აგრესიული და არაკონსტრუქციული რიტორიკაა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პესკოვმა.

მისი თქმით, ულტიმატუმის ენა მოსკოვისთვის მიუღებელია. კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არ გაითვალისწინებს მსგავს მენტორულ განცხადებებს. „ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ შემდგომი თანამშრომლობისთვის პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, რამდენადაც, მიუხედავად მრავალი უთანხმოებისა, ურთიერთთანამშრომლობისთვის საფუძველი არსებობს.

5 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის ახალი საგარეო პოლიტიკის ხედვის წარდგენის დროს კრემლი ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდების გამო გააკრიტიკა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსი ოპოზიციონერი დაუყოვნებლივ და პირობების გარეშე უნდა გათავისუფლდეს. გამოსვლაში ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნავალნის „პოლიტიკური ნიშნით დევნა“ და რუსეთის მცდელობები, გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრება აღკვეთოს, აშშ-ის ხელისუფლებისთვის შემაშფოთებელია.