დიმიტრი პესკოვი - დიდი ბრიტანეთი ნატო-ს ქვეყანაა, ჩვენს საზღვართან მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის წინსვლა შემაშფოთებელი ელემენტია, საჭირო იქნება ამის ანალიზი
რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვისთვის შემაშფოთებელია ბრიტანული ნებისმიერი სამხედრო აქტივების უკრაინაში განთავსება.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის 100-წლიანი თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული დოკუმენტის კომენტირებისას განაცხადა.
16 იანვარს კიევში ორმა ქვეყანამ 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს ბევრი მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მოიცავს თუ არა შეთანხმება უკრაინაში ბრიტანული სამხედრო ბაზების შექმნის შესაძლებლობას.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთი ნატო-ს ქვეყანაა, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის წინსვლა ჩვენს საზღვრებთან, რა თქმა უნდა, საკმაოდ შემაშფოთებელი ელემენტია. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო იქნება შემდგომი ანალიზი, თუ რა მოხდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ მოსკოვი „ნეგატიურად“ აღიქვამს ბრიტანეთის თანამშრომლობის პერსპექტივას უკრაინასთან აზოვის ზღვაში, რომელსაც დიმიტრი პესკოვმა რუსეთის „შიდა ზღვა“ უწოდა.