დიმიტრი პესკოვი ​ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებულ იურიდიულ კაზუსზე საუბრობს
დიმიტრი პესკოვი ​ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებულ იურიდიულ კაზუსზე საუბრობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ თავად უნდა გაერკვეს იმ იურიდიულ კაზუსში, რომელიც ჩნდება რუსეთის შემადგენლობაში „რესპუბლიკის“ შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ გამართვით, – როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გაერთიანების შესახებ საკითხის დაყენება – იქ ასე იყო ფორმულირებული. აქ რაღაც იურიდიული კაზუსია. ალბათ, საჭიროა ამ მიმართულებით გარკვევა. რუსეთს ხომ არ შეუძლია ვინმესთან გაერთიანება. ვინმესთან გაერთიანების შემთხვევაში, იქმნება სრულიად ახალი ენტიტეტი. ჩნდება იურიდიული კაზუსი“, – განაცხადა პესკოვმა.

„ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ იურიდიულ კაზუსზე. დიდი ალბათობით, ჩვენმა კოლეგებმა თავად უნდა განსაზღვრონ და გაერკვნენ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსეთში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით, რუსულ მხარესთან რამდენიმე ნაბიჯი შემუშავდა. „ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ყველანი ვართ რეფერენდუმის მომხრე, გვინდა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. ამ საკითხის შემუშავებაში რუსულ მხარესთან რამდენიმე ნაბიჯი შემუშავდა. რეფერენდუმის ფორმულირებაც სერიოზულ კითხვებს აჩენს: მხარს უჭერთ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას? ჩვენ შევთანხმდით კონკრეტული ფორმულირების შემუშავებაზე, რადგან რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლებელია, როგორც ცალკე სუბიექტად, ასევე ცალკე სუბიექტად ჩრდილოეთ ოსეთთან შემდგომი გაერთიანებით. ამიტომ, საკითხს განვიხილავთ რესპუბლიკის პარლამენტში, საზოგადოების მონაწილეობით, რის შემდეგაც გავაგრძელებთ კონსულტაციებს რუსულ მხარესთან“, – თქვა გაგლოევმა.