დიმიტრი ხუნდაძემ ალეკო ელისაშვილს მიმართა - მინდა ისეთი ქვეყანა, რომ თქვენ ხელით არ გაგიყვანონ აქედან და სამართალი იყოს დაცული
დიმიტრი ხუნდაძემ ალეკო ელისაშვილს მიმართა - მინდა ისეთი ქვეყანა, რომ თქვენ ხელით არ გაგიყვანონ აქედან და სამართალი იყოს დაცული

სამწუხაროა, როცა ოპოზიციის წარმომადგენელს, ვინც არ უნდა იყოს ეს, საერთოდ დეპუტატს და უფრო მეტიც ადამიანი ადამიანს აკადრებს იმას, რაც არ უნდა აკადროს, მაგრამ სწორედ ამიტომ უმთავრესი უნდა იყოს სამართლის დაცვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილმა მიმართა.

„ალეკო ელისაშვილი ამბობს, თუ გვინდა ჩვენ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, ნიკანორ მელიას იმუნიტეტი არ უნდა მოვუხსნათ, აქვე ამბობს, რომ ნიკანორ მელია გასცდა ზღვარს მასთან მიმართებაში და იკადრა უფრო მეტი, ვიდრე ის ელოდებოდა, რომ აკადრებდნენ. სამწუხაროა, როცა ოპოზიციის წარმომადგენელს, ვინც არ უნდა იყოს ეს, საერთოდ დეპუტატს და უფრო მეტიც ადამიანი ადამიანს აკადრებს იმას, რაც არ უნდა აკადროს, მაგრამ სწორედ ამიტომ უმთავრესი უნდა იყოს სამართლის დაცვა. თქვენ რომ გაკადრათ და გასცა ზღვარს ნიკანორ მელია, ეს კიდევ ასატანია, მაგრამ როცა სამართალს კადრებს და სამართლებრივ ზღვარს სცდება, ეს სწორედ ის არის, რაც უქმნის საფრთხეს იმ ქვეყანას, რომელშიც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ. ნიკანორ მელიამ სულ რამდენიმე ხნის წინ შემოგითვალათ, რომ შემოვა და ხელით გაგიტანთ. მე არ მგონია, რომ თქვენ ხელში აყვანით გაყვანას გთავაზობთ, ეს მიუღებელია. სწორედ მე მინდა ისეთი ქვეყანა, რომ თქვენ ხელით არ გაგიყვანენ აქედან და ქვეყანაში სამართალი იქნება დაცული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი ხელფასით ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადოს, რაზეც ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ვინც მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, სუს-ის აგენტი და გავრილოვის მხარდამჭერი იქნება. „ალეკო ელისაშვილო, ახლა ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან  პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ ახლა, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.