დიმიტრი ხუნდაძე - ყველას რომ ევროპა გვინდა, ამაში სადავო არაფერია, მხოლოდ ვერ ვთანხმდებით, ცალი ფეხით და სრული მორჩილებით, თუ ორ ფეხზე მდგარი და ღირსებით
დიმიტრი ხუნდაძე - ყველას რომ ევროპა გვინდა, ამაში სადავო არაფერია, მხოლოდ ვერ ვთანხმდებით, ცალი ფეხით და სრული მორჩილებით, თუ ორ ფეხზე მდგარი და ღირსებით

ყველას რომ ევროპა გვინდა, ამაში სადავო არაფერია. მხოლოდ ვერ ვთანხმდებით, ცალი ფეხით და სრული მორჩილებით, თუ ორ ფეხზე მდგარი და ღირსებით, – ამის შესხებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცახადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაძაბულობა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას უქმნის საფრთხეს.

„ვდაობთ იმაზე, რაც სადავო არ არის. ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ ვისაც ცალ ფეხზე დგომით და სრული მორჩილებით სურს, ის „პროევროპელია“, ვისაც ღირსებით უნდა უკეთესი ევროპა, ის „პრორუსი“. იქნებ გამოსავალი იმაშია, რომ ყველა ვიყოთ პროქართველი და თითოეული ჩვენგანის უპირატესი ინტერესი ჩვენი სამშობლო, ერთმანეთზე ზრუნვა იყოს და არა მტრობა. ისედაც დიდია საფრთხეები და რაოდენობრივად ცოტანი ვართ. ღირსებას, პრინციპულობას, უკეთესი ევროპის სურვილს ან თუნდაც განსხვავებულ აზრს რუსეთუმეობას თუ დავარქმევთ, თავად შევუწყობთ ხელს რუსული ინტერესების რეალიზებას საქართველოში.

ჩვენ ოჯახში ერთმანეთს ვეუბნებით – „მე ვარ ქართველი და მსურს უკეთესი ევროპა“. დღეს ვინც ახალგაზრდებს აგრესიისკენ მოუწოდებს, თავად არის მათივე მომავლის მტერი. ეს არის იმ სცენარის გაგრძელება, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში იქნა შემოყვანილი. საქართველოს მტერს სურს ქვეყანაში ძმათაშორის დაპირისპირება, სისხლისღვრა და უკრაინის ომში ჩართვა. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ სურთ, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ. საზოგადოება და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა კი კიდევ ერთხელ მოტყუებული რჩება მათგან.

მოვუწოდებ ყველას, რადგან ორივე მხარის მიზანი ევროპული გზაა, ამ გზაზე ღირსებით ვიაროთ პროქართული პოლიტიკით და ეროვნული ინტერესებით. მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენს ბრძოლას გამართლება. თუ ვინმეს ესეც არ ესმის და თუ ვინმემ პოლიტიკური კეკლუცისთვის ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან სამშობლოს გულწრფელი სიყვარული ღალატად მონათლა, რადგან მათ ეს ვიღაცამ უთხრა ან წაკითხვა დაეზარა, თქვენ ხართ საშიში ქვეყნისთვისაც, ახლობლობისთვისაც და მეგობრობისთვისაც. ლიბერალური ფაშიზმი ვერც მე და ვერც ჩემს მეგობრებს ვერ გაგვაჩუმებს. სამშობლოს სიყვარულს კი საეჭვო სიჩუმეც აზიანებს“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.