დიმიტრი ხუნდაძე - ვფიქრობ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონს დასვენების დღეები არ აქვს
დიმიტრი ხუნდაძე - ვფიქრობ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონს დასვენების დღეები არ აქვს

ვფიქრობ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონს დასვენების დღეები არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით დიმიტრი ხუნდაძემ შეაფასა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება, სადაც ამბობს, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება.

„როცა აქცენტი კეთდება თარიღებზე, თუ რატომ აღსრულდა დღეს კანონი, ვფიქრობ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონს დასვენების დღეები არ აქვს. ის 24-საათიან რეჟიმში უნდა აღსრულდეს და ის ყველასთვის კანონი უნდა იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის დაგეგმილ აქციას, ხუნდაძემ აღნიშნა, რომ თუ აქცია მშვიდობიანად ჩატარდება, ის ქვეყნისთვის სახიფათო არ იქნება.

„აქციები ქვეყნისთვის სახიფათო არ არის, თუკი ის მშვიდობიანი იქნება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, მაგრამ ყველას აქვს ვალდებულება, კანონი დაიცვას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.