დიმიტრი ხუნდაძე - ვფიქრობ, საარჩევნო პროცესს ხელი არ შეეშლება, მაგრამ ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული
არავის აქვს უფლება, ვიღაცის პოლიტიკურ სპეკულაციებს აჰყვეს, ზედმეტ კრიტიკას თავი აარიდოს, ვიღაცას ასიამოვნოს და ამის გამო საზოგადოების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
„ეს წარმოუდგენელია. ჩვენ პანდემიასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკის დროც გვექნება და თითქმის დარწმუნებული ვარ, არჩევნებსაც თავის დროზე ჩავატარებთ. ქვეყანაში ეს ციკლიც არ უნდა დაირღვეს და ამის მზაობა მმართველ გუნდს ნამდვილად აქვს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიქმნება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების დროულად განხილვის და დამტკიცების საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია და დრო ცოტა რჩება, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საარჩევნო პროცესს ხელი არ შეეშლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
„თუ საგანგებო მდგომარეობა თვის ბოლომდე დასრულდა, რა თქმა უნდა, ივნისის ბოლომდე შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას. ღმერთმა არ ქნას და, თუ ეპიდვითარებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება გახდა საჭირო, მაშინ ივლისის ბოლომდე მოესწრება ეს და ვფიქრობ, საარჩევნო პროცესს ხელი არ შეეშლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ხუნდაძემ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა „ქართული ოცნება“ სცენარს, რომ საპარლამენტო არჩევნები სხვა, ალტერნატიული მეთოდებით, იგივე ელექტრონული წესით ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვების ნაწილი ოქტომბერშიც იმოქმედებს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ ეპიდვითარებიდან გამომდინარე არჩევნების ჩვეულ რეჟიმში ჩატარების საშუალება არ იქნება, ხელისუფლება ყველა ალტერნატიულ გზას განიხილავს, მაგრამ ასეთ მოკლე დროში ელექტრონული არჩევნების მოსწრება ძალიან რთულია, მათ შორის, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარეც.
„ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად ვიმუშავებთ ამასთან დაკავშირებით. იცით, რომ მსოფლიო პრაქტიკა არსებობს არჩევნების ამ მეთოდით ჩატარების შემთხვევაში ჩარევების და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ მით უმეტეს გაგვიჭირდება ამ კუთხით დაზღვევა და ასეთ მოკლე დროში ამ სისტემის დალაგება. თუმცა, განხილული იქნება ნებისმიერი სხვა თემა, რაც არჩევნების პროცესში მოქალაქეების უსაფრთხოებას და მათ ჯანმრთელობას ეხება. ამისთვის გამოყენებული იქნება ყველა მექანიზმი და ყველა მეთოდი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეკითხვაზე, დაწყებულია თუ არა მმართველ გუნდში შიდა მსჯელობა კონკრეტულ ალტერნატიულ მეთოდზე, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, რადგან არის მოლოდინი, რომ ამის საჭიროება არ იქნება.
„ვფიქრობ, ეს არ უნდა დაგვჭირდეს, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ეპიდვითარება ისე მიდის, რომ ამის საჭიროება დადგა, რა თქმა უნდა, იქნება ნიღბების გამოყენებაც, ჰიგიენის წესებიც, კომისიის წევრების და მოქალაქეების ყუთებთან დაშორიშორებაც და ა.შ, მაგრამ საქმე აქამდე ჯერ არ მისულა. თუმცა, თუ შევხედავთ, რომ ეპიდვითარება არასახარბიელოდ ვითარდება და რისკები შესაძლოა, გაიზარდოს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ამ თემებს, იგივე არასამთავრობოებთან, დაინტერესებულ პირებთან, ოპოზიციასთან და სხვებთან ერთად. მთავარია, ორიენტირი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე ავიღოთ და არ მივიღოთ ისეთი სცენარი, როცა ეპიდემიას არაერთი ქვეყნის არაერთი, ზოგჯერ ათეულ ათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ყველასთვის სასურველი შედეგი სწორედ ეს უნდა იყოს და ამის მერეა პოლიტიკა და არჩევნები. თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ცხოვრების ციკლი არ დაირღვეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.