დიმიტრი ხუნდაძე - ვაქცინის მწარმოებლების მოთხოვნაა, ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ, საქართველოც უზრუნველყოფს, რომ პასუხისმგებლობა საკანონმდებლო დონეზე დააფიქსიროს
დიმიტრი ხუნდაძე - ვაქცინის მწარმოებლების მოთხოვნაა, ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ, საქართველოც უზრუნველყოფს, რომ პასუხისმგებლობა საკანონმდებლო დონეზე დააფიქსიროს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად მაღალი ხარისხის ვაქცინის შემოტანას და პირველ რიგში მიზნობრივი ჯგუფების აცრას.

ხუნდაძის თქმით, ინფრასტრუქტურის კუთხით მზადყოფნის გარდა, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობაც. კერძოდ, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, მწარმოებლების მოთხოვნაა, სახელმწიფოს მხრიდანაც იყოს აღებული პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანთან დაკავშირებით.

„საქართველო კორონასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რაც შეიძლება სწრაფად ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა შემოვიტანოთ და პირველ რიგში მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია მოვახდინოთ, შემდეგ ის გავრცელდეს პრაქტიკულად მთელ მოსახლეობაზე. ინფრასტრუქტურული მზაობის გარდა, ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ბაზა იყოს მზად და გარანტირებული. სახელმწიფოს მხრიდან იყოს აღებული პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, თუ ეს ზიანი არ არის მედპერსონალის, კლინიკის ან იმპორტიორის შეცდომით განპირობებული. ასეთი მოთხოვნა მწარმოებლებს აქვთ.

ჩვენ ვკონტაქტობთ მწარმოებლებთან კოვაქს პლატფორმის საშუალებით, რომელიც შექმნილია ვაქცინაციის გლობალური ალიანსის მიერ. მწარმოებლებს აქვთ მოთხოვნა, რომ ზიანის დადგომის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ. ასეთი საკანონმდებლო ცვლილება და ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა მოახდინა უკვე ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და არა მხოლოდ მათ. ამიტომ საქართველოც უზრუნველყოფს, რომ აიღოს ეს პასუხისმგებლობა და საკანონმდებლო დონეზე დააფიქსიროს, ხელი არ შეუშალოს, ქვეყანაში ვაქცინა სწრაფად შემოიტანოს და ის მაღალხარისხიანი იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.