დიმიტრი ხუნდაძე - უცხოელი პოლიტიკოსებისგან სააკაშვილის ასეთი გამალებული დაცვა ხომ არ არის მათი მხრიდან ერთობლივი დანაშაულების დამალვის მცდელობა და შიში, რომ მიშა მათ ბევრ რამეში ამხელს?
დიმიტრი ხუნდაძე - უცხოელი პოლიტიკოსებისგან სააკაშვილის ასეთი გამალებული დაცვა ხომ არ არის მათი მხრიდან ერთობლივი დანაშაულების დამალვის მცდელობა და შიში, რომ მიშა მათ ბევრ რამეში ამხელს?

საქმე გვაქვს არა მხოლოდ უცხოეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიზანმიმართულ ნეგატიურ პროპაგანდასთან, არამედ ჩვენ წინააღმდეგ რადიკალურ ბრძოლასთან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ უპატივცემულობას გამოხატავენ დასავლეთის რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ სიყვარულით არიან დაავადებულნი.

„ბოლო დღეებში ევროპარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენში კითხვები გააღრმავა ერთ კონკრეტულ საკითხზე. საქმე გვაქვს უცხოეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ არა მხოლოდ მიზანმიმართულ ნეგატიურ პროპაგანდასთან, არამედ ჩვენ წინააღმდეგ რადიკალურ ბრძოლასთან. პოლიტიკურ უპატივცემულობას გამოხატავენ დასავლეთის რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც დაავადებულნი არიან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ სიყვარულით. ამავე დროს, ისინი შეპყრობილნი არიან შიშით, რომ თუ მას ვერ დაიხსნიან, სააკაშვილი სათქმელს ხმამაღლა იტყვის. ისინი თავის დროზე სწორედ სააკაშვილთან ერთად წყვეტდნენ მთელ რიგ საკითხებს. იბადება კითხვა, უცხოელი პოლიტიკოსებისგან სააკაშვილის ასეთი გამალებული დაცვა ხომ არ არის მათი მხრიდან ერთობლივი დანაშაულების დამალვის მცდელობა და შიში, რომ მიშა მათ ბევრ რამეში ამხელს?

სააკაშვილისა და მისი გუნდის ასეთი მასშტაბური დანაშაულები მათი პარტნიორების თანამონაწილეობის გარეშე ვერ იქნებოდა. განა ისინი არ აკონტროლებდნენ ყველაფერს საქართველოში და განა ყოფილი ხელისუფლება უსიტყვოდ არ ასრულებდა მათ დაკვეთებს? ან სააკაშვილის შემოსვლა განა მათ გარეშე დაიგეგმა? როგორც ჩანს, ის სასტიკი დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, სცდება საქართველოს საზღვრებს. სხვა ვერაფერი ამართლებს უცხოელი პოლიტიკოსების ასეთ გამალებულ ბრძოლას დამნაშავე რეჟიმის დასაცავად და მათ დასაბრუნებლად.

ვფიქრობ, ქართველი ხალხი ამაზე უნდა დაფიქრდეს, მით უფრო, დღეს, როდესაც თავად ევროპარლამენტში მიდის დემოკრატიის უკუსვლა. მიზანშეწონილი იქნება, თუ შესაბამისი ორგანოები სააკაშვილის დანაშაულებრივ კვალს საზღვრებს მიღმაც გაჰყვებიან და კანონი იქაც იკანონებს. მით უმეტეს, დღეს, როდესაც კონკრეტული დანაშაულების ფაქტი ევროპარლამენტშიც გამოვლინდა. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველი ევროპარლამენტარების თუ სხვა პოლიტიკოსების შესაძლო დანაშაულებრივი მხილება დემოკრატიული დასავლეთისთვის უცხო აღარ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.