დიმიტრი ხუნდაძე - უარი ვთქვათ სიძულვილის ენაზე და ყველა ფრთხილად ვიყოთ, სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს
უარი ვთქვათ სიძულვილის ენაზე და ყველა ფრთხილად ვიყოთ, სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან სიძულვილის ენაზე საზოგადოებას მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდა.
„ალბათ, ყველასათვის თვალში საცემია უკანასკნელ პერიოდში სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა სოცქსელებში, პოლიტიკურ წრეებსა და ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ბილწსიტყვაობასაც აღარ ერიდებიან.
დღეს შემიძლია ვთქვა, რომ 30-წლიანმა პოლიტიკამ სიძულვილი დათესა ერთმანეთის მიმართ და ეს დღითიდღე ძლიერდება და ღრმავდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არაფერია და ვფიქრობ, ამასაც კონკრეტული მიზანი აქვს. ეს მხოლოდ მის ინტერესებში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას და რევანშიზმითაა შეპყრობილი. სადაც სიძულვილის ენაა, ნეგატივით ხალხის მართვა ბევრად ადვილია. უფრო მეტიც, სიძულვილის ენა არაპროფესიონალიზმის მანიშნებელია. როცა არ გაქვს არგუმენტები, გადადიხარ ლანძღვა-გინებაზე და ეხები ღირსებას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რაც ენაზე მოგადგება, ის თქვა.
„არც თავისუფლება შეიძლება გადავზარდოთ თავნებობაში. თანამდებობის პირებს გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ღირსება თანამდებობაზე მეტია. ზოგჯერ, საქვეყნოდ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, რასაც ხშირად ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლეები, დები და ძმები ისმენენ და ისმენს საზოგადოებაც. არ გავხადოთ ისინი შურისმაძიებლები, თორემ ამას შესაძლოა დასასრული აღარ ჰქონდეს ან ცუდად დასრულდეს. ქართველები ფეთქებადი ხასიათის ხალხი ვართ და სადღაც შესაძლოა გაწყდეს. მოთმინებასაც აქვს საზღვარი. იქნენ სწორედაც ეს არის დამკვეთის მიზეზი.
ამ ყველაფრით ჩვენ მივიღებთ სიძულვილით სავსე ახალგაზრდობას, რაც უფროს თაობას ბუმერანგივით დაგვიბრუნდება და რის გამოსწორებასაც შესაძლებობა თაობები დასჭირდეს.
პოლიტიკა არც ჩვენ დაგვიწყია და არც ჩვენ დავამთავრებთ. ეს არის სფერო, სადაც დროებით მოვდივართ და მერე მივდივართ. მთავარი არც მოსვლაა და არც წასვლა. მთავარია, რას ვუტოვებთ მომავალ თაობას. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას – უარი ვთქვათ სიძულვილის ენაზე და ყველა ფრთხილად ვიყოთ, სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.