დიმიტრი ხუნდაძე - უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომ უნდა გადმოვიდეს პარლამენტი თბილისში
დიმიტრი ხუნდაძე - უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომ უნდა გადმოვიდეს პარლამენტი თბილისში

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ 360 მილიონი ლარით, რომელიც ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის დაიხარჯა, ამ ქალაქისთვის ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. დეპუტატი იმ არგუმენტებს ასახელებს, რის გამოც, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოვიდეს.

„პირველ რიგში, პარლამენტის ქუთაისში მუშაობა ფუნქციონალურად გაუმართლებელია. საკანონმდებლო ხელისუფლება მოწყვეტილია აღმასრულებელ ხელისუფლებას. იხარჯება ზედმეტი თანხა, ფაქტობრივად, არამიზნობრივად; იხარჯება დრო და ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა გავიხსენო – ხანძრის დროს, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობისთვის საჯარისო ფორმირებისთვის ლეგიტიმაცია რომ მიგვეცა, სამწუთიანი პროცედურისთვის მთელ პარლამენტს აპარატთან ერთად ქუთაისში მოგვიწია ჩამოსვლა. ხმა მივეცით და დავბრუნდით“, – აცხადებს დეპუტატი.

დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ქუთაისს პარლამენტის ამ ქალაქში მუშაობით თითქმის არანაირი სარგებელი არ მიუღია.

„150 დეპუტატის საცხოვრებელში თანხის გადახდა ქუთაისისთვის სარგებელს არ ცვლის. იმ 360 მილიონით, რომელიც ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის დაიხარჯა, ამ ქალაქისთვის ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. წყალი და კანალიზაცია არ გაუკეთებიათ, რასაც ამდენი ფული არც სჭირდებოდა. არგუმენტი ძალიან ბევრია. თუნდაც, მარტივი და რამდენიმეწუთიანი პროცედურები, რის გამოც, მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც ქუთაისში უწევთ ჩასვლა.

ამდენი ხარჯი, საწვავი, დროს, რისკი გზაზე გაუმართლებელია. მთავარი არგუმენტი ის არის, რომ თუ ქუთაისზე დარდი ჰქონდათ, პარლამენტის აშენება კი არ იყო საჭირო, საჭირო იყო ეს თანხა ქუთაისის კეთილმოწყობისთვის დაეხარჯათ“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პარლამენტის თბილისში გადასვლა არ ნიშნავს, რომ ქუთაისის შენობას მტვერი დაედება.

„პარლამენტის გადმოტანას თავიდანვე მხარს ვუჭერდი და გული მწყდებოდა, რომ მერვე მოწვევის პარლამენტმა ეს ვერ შეძლო. ზოგიერთები რომ ამბობენ, საბჭოთა ეპოქაში ვბრუნდებითო, მაშინ ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები საბჭოთა ეპოქაში ყოფილან. სად ნახეს, რომ პარლამენტი არ არის დედაქალაქში და მოწყვეტილია აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – კითხულობს დეპუტატი.

77 მომხრე და ერთი წინააღმდეგი – ასე დასრულდა საქართველოს პარლამენტის სხდომა, სადაც რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტის კორექტირებულ ვარიანტში უკვე ასახულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი N8.