დიმიტრი ხუნდაძე - შემოთავაზებული შეთანხმების ბოლო ვერსია შეუთანხმებლობისა და მუდმივი დაძაბულობის მყარ გარანტიას იძლევა, ქვეყანას კი სავაჭროდ და სათამაშოდ არ სცალია
დიმიტრი ხუნდაძე - შემოთავაზებული შეთანხმების ბოლო ვერსია შეუთანხმებლობისა და მუდმივი დაძაბულობის მყარ გარანტიას იძლევა, ქვეყანას კი სავაჭროდ და სათამაშოდ არ სცალია

მედიატორების მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტი ყველას იმიჯს აზარალებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ყველაზე სახიფათო არის ის, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომი განვითარების არასტაბილურ პროცესს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„შარლ მიშელის მიერ შექმნილ დოკუმენტს რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი. უფრო მეტიც, დამატებითი კომპრომისი გაიღო, რაც ეფუძნებოდა საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს, პარლამენტში უმრავლესობისთვის 40-პროცენტიანი ქვედა ჩამკეტის გათვალისწინებით. რას ემყარება შემოთავაზებული 43 პროცენტი, აბსოლუტურად გაუგებარია.

ამავე დროს, ვის აქვს გარანტია, რომ ახალი არჩევნებით დამდგარი, ახალი შედეგი ყველასთვის მოსაწონი იქნება. მით უმეტეს, იმ ახალი რეალობით, როდესაც პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებას ამ მიდგომამ ფასი დაუკარგა. ფასი დაუკარგა აგრეთვე ამომრჩევლის საარჩევნო გადაწყვეტილებას, რომელმაც დამატებით კიდევ დააფიქსირა, რომ მათი 60 პროცენტი ეწინააღმდეგება ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში არშესვლას.

რურუასთან დაკავშირებით შეწყალება კიდევ უფრო გაუგებარს ხდის მსგავს ჩანაწერს, ვინაიდან შეწყალების კომპეტენცია იმ დოკუმენტის არც ერთ პოტენციურ ხელმომწერს არ გააჩნია. შემოთავაზებული შეთანხმების ბოლო ვერსია შეუთანხმებლობისა და მუდმივი დაძაბულობის მყარ გარანტიას იძლევა, ქვეყანას კი სავაჭროდ და სათამაშოდ არ სცალია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.