დიმიტრი ხუნდაძე - შემოთავაზება იყო, რომ სააკაშვილი გაგვესინჯა როგორც ექიმებს, მაგრამ განცხადება გაგვეკეთებინა, როგორც დეპუტატებს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი
დიმიტრი ხუნდაძე - შემოთავაზება იყო, რომ სააკაშვილი გაგვესინჯა როგორც ექიმებს, მაგრამ განცხადება გაგვეკეთებინა, როგორც დეპუტატებს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი

ჩვენს ვიზიტს აზრი ეკარგება, რადგან სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის. შემოთავაზება იყო, რომ გაგვესინჯა როგორც ექიმებს, მაგრამ განცხადება გაგვეკეთებინა, როგორც დეპუტატებს. ანუ, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური მიზანი უნდა შეიცვალოს და რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.

„როცა სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მე და დავით სერგეენკომ ყოველგვარი მიპატიჟების გარეშე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ. გუშინ, სანამ სააკაშვილი ამ განცხადებას გაავრცელებდა, რამდენიმე საათით ადრე ამ საკითხით ვიყავით დაკავებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ. თუ როგორც ექიმი ვჭირდები, მოლოდინი გაქვთ, რომ ჩემს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, როცა პირადი ექიმისა და მის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. სააკაშვილი ხელის შემშლელია საკუთარი ჯანმრთელობის სწორად წარმართვის. მისი პოლიტიკური მიზანი უნდა შეიცვალოს და რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. მან საკუთარ ექიმებს უნდა დაუჯეროს და მოუსმინოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გარეშე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ძალიან რთული იქნება.

„მისი მიზანია, საკუთარი ჯანმრთელობა დამძიმებულად წარმოაჩინოს, ზოგჯერ ამას მისი თანაგუნდელები ჭარბი პოლიტიკური შეძახილებით ხელს უწყობენ. პროცესი პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს და თუ ყველას მიზანია, მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს, ეს ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ; პოლიტიკური ინსინუაციები გვერდით უნდა გადავდოთ. გუშინ იმ მისამართზე ვიყავით, სადაც მის ჯანმრთელობაზე მეტ ინფორმაციას მივიღებდით და მოვიკითხეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ ეს ძირითადად მისი ქმედებიდან გამომდინარეა – ის ყველა საჭირო სერვისს იღებს და საბედნიეროდ მდგომარეობა არ არის იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, რომ ქვიშის საათია ჩართული“, – განაცხადა ხუნდაძემ.