დიმიტრი ხუნდაძე - საქსტატის დღევანდელი ციფრებიდან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რას გადავარჩინეთ ქვეყანა, მათ შორის აფხაზური და ოსური გენოფონდი, ამიტომ არის დაუშვებელი ომი საქართველოში
დიმიტრი ხუნდაძე - საქსტატის დღევანდელი ციფრებიდან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რას გადავარჩინეთ ქვეყანა, მათ შორის აფხაზური და ოსური გენოფონდი, ამიტომ არის დაუშვებელი ომი საქართველოში

საქსტატის დღევანდელი ციფრებიდან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რას გადავარჩინეთ ქვეყანა, მათ შორის აფხაზური და ოსური გენოფონდი, ამიტომ არის დაუშვებელი ომი საქართველოში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებზე, რომლის თანახმადაც, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა.

„გარდა სტატისტიკის მონაცემებისა, ჩვენ გვაქვს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დემოგრაფიული მაჩვენებლებიც, სადაც კიდევ უფრო მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა. ჩვენ გვტკივა როგორც ქართული, ასევე აფხაზურ-ოსური გენოფონდის მომავალიც. ამ დემოგრაფიული მაჩვენებლების ფონზე კიდევ რომ ვინმე ომისკენ წააქეზებს ქვეყანას, ის მტერია ჩვენი და უნდა მოიკვეთოს. წარმოუდგენია ვინმეს, როგორი სტატისტიკური მონაცემები გვექნებოდა ამ გამანადგურებელი ომის შემდეგ ჩვენც და ჩვენს ძმებს, აფხაზებსა და ოსებს? აღარაფერს ვამბობ დანგრეულ ქვეყანაზე. ეს ციფრები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება გონიერება და სიმტკიცე გადაწყვეტილებებში, რაც უდავოდ აქვს. დღეს სერიოზული შემოტევების მიუხედავად, ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი გარანტირებულია.

რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკის მონაცემებს, მოსახლეობის კლების ყველაზე დიდი მიზეზი არის კოვიდპანდემია, შემდეგ კი, ის, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია საჯაროდ – საქართველო შევიდა შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდში და ეს გამოწვეულია 90-იანი და 2000-იანი წლების მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობიდან, რომელზეც არავინ იზრუნა ჩვენამდე. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ნეგატიურია, ჩვენ იმედით ვაგრძელებთ მუშაობას დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელების პროცესში, რადგან ბევრად უფრო ნეგატიური იქნებოდა ეს მონაცემები, რომ არა ჩვენი 8-წლიანი დაუღალავი შრომა. ამჟამად, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ამზადებს საქართველოში განხორციელებული დემოგრაფიული პროგრამის სრულ ანალიზს და ამაზე დაყრდნობით შევიმუშავებთ ახალ ინიციატივებს. ჩვენ სრულ კომუნიკაციაში ვართ საქართველოს პრემიერთან, მთავრობასთან და პარლამენტის კომიტეტებთან და მალე შემოგთავაზებთ ამ მხრივ სიახლეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.