დიმიტრი ხუნდაძე - საქართველო უკრაინის მხარესაა, მაგრამ უკრაინას შეიარაღებას ვერ გადასცემს, ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველო უკრაინის მხარესაა, მაგრამ უკრაინას შეიარაღებას ვერ გადასცემს, ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად

პოდოლიაკის განცხადება არის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. საქართველოს მოსახლეობა პოდოლიაკის ჭკუით რომ ირჩევდეს საკუთარ ხელისუფლებას, ქვეყანას არ ექნებოდა ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რაც მას, საბედნიეროდ, დღეს აქვს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, „საქართველო უკრაინას მხარს ყველა თვალსაზრისით უჭერს, მაგრამ ქვეყანა რისკებს ხედავს იმაში, თუ უკრაინას იარაღით დაეხმარება“.

„ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, საკუთარი რისკები გვაქვს და როგორც სხვა ქვეყნები გამოდიან საკუთარი ინტერესებიდან, რა თქმა უნდა, ამის უფლება საქართველოსაც აქვს. ასევე, ქვეყანას აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ინტერესი და მშვიდობა, რისი ფასიც გამორჩეულად ვიცით, სხვა ქვეყნებთან შედარებით. რა იარაღს გვთხოვენ? ის, რომ თითქოს საქართველომ ომის პერიოდში უკრაინისგან იარაღი მიიღო, ეს ასე არ არის. უკრაინისგან ომის პერიოდში იარაღი არ მიგვიღია. ეს მანამდე იყო, ეს არ იყო საჩუქარი, იყო საკმაოდ წონადი ფინანსური რესურსებით შეძენილი იარაღი და აქაც საკმაოდ ბევრი კითხვაა, მაგრამ ამ საკითხებში ახლა არ შევდივართ. ფაქტია, რომ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული თვალსაზრისით საქართველო უკრაინის მხარესაა, მაგრამ საქართველო, თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინას შეიარაღებას ვერ გადასცემს. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ საქართველო დაფიქსირდეს მხარედ შეიარაღებულ კონფლიქტში. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ საქართველო უნდა იქცეს მეორე ფრონტად, რაც ჩვენს ინტერესებს სცდება და კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარს გამოეხმაურა. „გოლოვანოვთან“ ინტერვიუში პოდოლიაკმა განაცხადა: „ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს“.