დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილს თუ სჭირდება მკურნალობა, იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მკურნალობის ეტაპი როცა დასრულდება, გადავა იქ, სადაც უნდა იყოს
დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილს თუ სჭირდება მკურნალობა, იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მკურნალობის ეტაპი როცა დასრულდება, გადავა იქ, სადაც უნდა იყოს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სტაციონარში მკურნალობა თუ სჭირდება, სტაციონარში იქნება, თუმცა ეს მუდმივ ხასიათს ვერ მიიღებს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება, მისი ობიექტური მდგომარეობა რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოხდება. თუ მას სჭირდება სტაციონარში მკურნალობა, ის სტაციონარში იქნება, მაგრამ ეს მუდმივ ხასიათს ვერ მიიღებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კითხვაზე, „გლდანში გადაყვანით შეიძლება, სააკაშვილს ფსიქოლოგიური სტრესი მიეღო?“, – ხუნდაძე პასუხობს, რომ სხვადასხვა ადამიანი შესაძლოა, სხვადასხვანაირად რეაგირებდეს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების მიერ იქნება შეფასებული, ობიექტური შეფასების ნაწილი იქნება გათვალისწინებული და იმის მიხედვით მოხდება მისი გადაყვანის დროის შერჩევა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება კითხვას, სახელმწიფოს მიერ შექმნილმა კომისიამ უნდა დადოს შესაბამისი დასკვნა?, – დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ამ ეტაპისთვის, კომისია იღებს და სახელმწიფოც ითვალისწინებს ექიმების ობიექტურ შეფასებას.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დაცული, მაგრამ კანონის მიერ ვალდებულებებიც იქნება აღსრულებული. თუ მას სჭირდება მკურნალობა, ის იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ როდესაც მკურნალობის ეტაპი დასრულდება, ის გადავა იქ, სადაც უნდა იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.