დიმიტრი ხუნდაძე - ორი თვეა, გიორგი გახარიას გუნდს „ქართული ოცნება“ არ მოსწონს, არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი მათგანი თანამდებობას აჟიოტაჟის შესაქმნელად ტოვებდეს
დიმიტრი ხუნდაძე - ორი თვეა, გიორგი გახარიას გუნდს „ქართული ოცნება“ არ მოსწონს, არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი მათგანი თანამდებობას აჟიოტაჟის შესაქმნელად ტოვებდეს

მიკვირს გახარიას გუნდის წევრების ამდაგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ, რომლის მხარდაჭერითაც ისინი სულ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში შემოვიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო რეგულაციები იმ დონეზეა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი უფლებების დაცვა.

„თქვენგან გავიგე, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა. მანამდეც იყო შემთხვევები, როცა თანამდებობის პირები პოსტს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებდნენ და ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. მე ცოტა არ იყოს მიკვირს გახარიას გუნდის წევრების ამდაგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ, რომლის მხარდაჭერითაც ისინი სულ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში შემოვიდნენ. ორი თვეა მათ უკვე არ მოსწონთ „ქართული ოცნება“ და არ გამოვრიცხავ იმას, რომ ზოგიერთი მათგანი თანამდებობას ტოვებდეს იმის გამო, რომ შექმნას აჟიოტაჟი, თითქოს ამ ხალხს ვინმე ავიწროებს და ვინმე თანამდებობას ძალით ატოვებინებს. საკანონმდებლო რეგულაციები იმ დონეზეა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი უფლებების დაცვა და თუ პოსტის დატოვებას ვინმე აიძულებს, ეს შესაძლოა სისხლის სამართლებრივი საკითხი გახდეს, მაგრამ ვფიქრობ, აქ უფრო მეტად არის პოლიტიკური შემადგენელი, აჟიოტაჟი და ყურადღების მიქცევა, ვიდრე ის, რომ ვიღაც ვიღაცას აიძულებდეს თანამდებობა დატოვოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დღეს დატოვა.