დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის მხრიდან ექიმების და ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია მხოლოდ ვითარების დამძიმებას ემსახურება
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის მხრიდან ექიმების და ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია მხოლოდ ვითარების დამძიმებას ემსახურება

ოპოზიციის მხრიდან ექიმების და ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია და საზოგადოებისთვის უსაფუძვლო ინფორმაციის მიწოდება, რაც მხოლოდ ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ემსახურება, მიუღებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ასეთი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო, აუცილებელია ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა.

„ჩვენ მიერ, და არა მხოლოდ, წინასწარ პროგნოზირებული შესაძლო მეორე ტალღა უკვე რეალობად იქცა. გავრცელების ხარისხი საკმაოდ მაღალია. დღეს საქართველოში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ხუთი ათასზე მეტი. ასევე, მთელ მსოფლიოშიც დღეს დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი და მან შეადგინა დაახლოებით 680 ათასი. დღემდე ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა. სირთულეები არსებობს, მაგრამ საქართველოს ჯანდაცვა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენთან ინტენსიურად არის ჩართული ყველა კლინიკა და პაციენტების მიღება საჭიროების შემთხვევაში ხდება. ზოგჯერ მცირედი შეფერხებით, მაგრამ არც ერთი პაციენტი, ვისაც სტაციონალური მომსახურეობა სჭირდება, გარეთ არ რჩება.

ამ ვითარებაში ოპოზიციის და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან შესამჩნევია თავდასხმა არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრსა და სექტორზე, არამედ კონკრეტულ კლინიკებსა და ექიმებზე. ეს მიუღებელია. ამ რთულ ვითარებაში ბრძოლის ველის წინა ხაზი უკავია სწორედ ჯანდაცვას. ექიმების და ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია და საზოგადოებისთვის უსაფუძვლო ინფორმაციის მიწოდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ემსახურება, მიუღებელია. იმ დროს, როცა ასეთი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, გამარჯვებისთვის აუცილებელია სტაბილურობა. დესტაბილიზაცია, რასაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, ძალიან სახიფათოა და ეს ხიფათი შესაძლოა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე გადიოდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.